English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ თამარ დოლიძე
ეკონომიკის რეალური სექტორის თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ძირითადი ეტაპები და მექანიზმები

ანოტაცია.მეცნიერება-ტექნოლოგია-წარმოება არის საზოგადოების განვითარების ფუნდამენტი. სტატიაში გაანალიზებულია აღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპზე დაყრდნობით რეალური ეკონომიკის ტექნოლოგიური განვითარების ძირითადი ეტაპები და მექანიზმები.

კვლევის შედეგად შემუშავებულია რეალური ეკონომიკის ტექნოლოგიური განვითარების ძირითადი ეტაპები და თანამედროვე მექანიზმები. რეალური ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მექანიზმების საფუძველი არის რეალური ეკონომიკის ტექნოლოგიური განვითარების ძირითადი ეტაპები.

თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების შედეგად შევიმუშავეთ იერარქიულ პრინციპზე დაფუძნებული ტექნოლოგიური მექანიზმები, ეკონომიკური მექანიზმები და ტექნო - ეკონომიკური მექანიზმების სინთეზური სქემა - მოდელი. აღნიშნული სქემა - მოდელის დანერგვა დიდწილად შეუწყობს ხელს რეალური ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.

საკვანძო სიტყვები:  მეცნიერება-ტექნოლოგია-წარმოება, ტექნოლოგიური მექანიზმები, ეკონომიკური მექანიზმები, ტექნო-ეკონომიკური მექანიზმები. 

შესავალი

ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე კაცობრიობა იმყოფება ინდუსტრიული განვითარების 4.0-ის VI-VII ფაზაში. თითოეული ინდუსტრიული ეტაპი მოიცავს 10 ფაზას. თანამედროვე საზოგადოება აღნიშნულ ფაზებს სწრაფი ტემპებით გადის და ძალიან მალე შევა მე- 5 ინდუსტრიულ ეტაპზე.

ინდუსტრიული განვითარების მე-4.0 ეტაპზე კაცობრიობა იმყოფება პოსტინდუსტრიული ეკონომიკის პირობებში, სადაც დომინირებულ ადგილს იჭერს მომსახურების სექტორი. ეკონომიკის რეალური სექტორი ქმნის მზარდი ხასიათის დამატებულ ღირებულებას, რასაც შეუძლია ნაციონალური ეკონომიკის ინტეგრირება დამატებულ ღირებულებათა გლობალურ ჯაჭვებში.

ამდენად აქტუალურია განვიხილოთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ტექნო-ეკონომიკური მექანიზმები. 

ეკონომიკის რეალური სექტორის თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ზოგიერთი ისტორიული ფაქტი

ეკონომიკის რეალური სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა ეგვიპტეში ჩვენ ერამდე III ათასწლეულში, მაშინ, როცა ეგვიპტელებმა მოიგონეს იდეა, რომ შეექმნათ “მოაზროვნე მანქანები“.

ლეონარდო და ვინჩიმ 1495 წელს შექმნა მექანიკური ადამიანის დეტალური პროექტი, რომელსაც შეეძლო ხელების ქნევა და თავის ტრიალი.

გამოგონების ბუმი მე - 18 საუკუნიდან იწყება. 1738 წელს ჟან დე ვოკანსონმა შექმნა „ფლეიტაზე დამკვრელი“ ანდროიდი.

1760 წელს ფრიდრიხ ფონ კნაუსმა შექმნა ანდროიდი, რომელსაც შეეძლო დაეჭირა კალამი და დაეწერა 107 სხვადასხვა სიტყვა. პირველი თაობის რობოტი ანდროიდი იყო [Макаров, Топчеев, 2003, 71-76].

მე-19 საუკუნეში და განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ელექტროგამოთვლითი მანქანები, კომპიუტერები, ავტომატები, ანდროიდები, რობოტები, რამაც საფუძველი ჩაუყარა პირველი სამრეწველო რობოტების შექმნას. 1959 წელს ჯორჯ დევილის მიერ შეიქმნა პირველი სამრეწველო რობოტი. ჯორჯ დევილმა დააპატენტა თავისი გამოგონება ამერიკის შეერთებულ შტატებში და შექმნა ფირმა Unimation. ფირმა Unimation არის რობოტოწარმოების შემქმნელი. 1961 წელს ნიუ ჯერსიში General Motors-ის ქარხანაში საწარმოო ხაზზე დაიდგა მსოფლიოში პირველი სამრეწველო რობოტი. მაშინდელი რობოტების თვითღირებულება შეადგენდა 65 000 დოლარს.

1967 წელს პირველი სამრეწველო რობოტი დადგმულ იქნა ევროპაში, კერძოდ შვეიცარიაში Uppstand Vasby-ის მეტალურგიულ საწარმოში. 1968 წელს შეიქმნა პირველი საწარმოო რობოტი - ხელი, რომელიც ასრულებდა იმავე მანიპულაციებს, რასაც ადამიანის ხელი. 1969 წელს კომპანია Unimation-მა გააფორმა ხელშეკრულება იაპონურ კორპორაციასთან Kawasaki. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად იაპონურმა ფირმა Kawasaki-იმ დაამზადა პირველი სამრეწველო რობოტი იაპონიაში [Макаров, Топчеев, 2003, cc. 143-148]. 

ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მექანიზმები

ინდუსტრიული განვითარება 4.0-ის VI–VII ფაზებში რეალური ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშემწყობი თანამედროვე ტექნოლოგიური ძირითადი მექანიზმები გახლავთ ხელოვნური ინტელექტი, მაღალტექნოლოგიური საწარმოო საშუალებები, საკომუნიკაციო - საინფორმაციო ტექნოლოგიები. რობოტოტექნიკის წარმოების განვითარება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. შესაბამისად გაიზარდა რობოტოტექნიკის მსოფლიო ბაზარი. რობოტოტექნიკის ბაზრის მოცულობა დაახლოებით შეადგენს 15 – 30 მილიარდ დოლარს.

ევროკავშირის ტექნოლოგიური პოლიტიკა ითვალისწინებს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის თანამედროვე პარადიგმას [EC, 2013, pp. 88–93].

ტექნოლოგიური განვითარება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს მსოფლიოს მაღალგანვითარებულ და განვითარებულ ქვეყნებში. კერძოდ იმ ქვეყნებში სადაც მაღალი არის წარმოების მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე, არის ექსპორტის მაღალი დონე, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და დასაქმების მაღალი მაჩვენებელი [Chang, 1993, pp. 142–144].

ინდუსტრია 4.0 არის ტექნოლოგიური განვითარების ის დონე, როცა თვისებრივად ხდება წარმოების სისტემების რესტრუქტურიზაცია და შრომის ორგანიზაციის ავტომატიზაცია [Мальцев, Мерсиер-Суисса,Мордвинова, 2017, с. 1050].

ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე ეტაპები სულ უფრო მეტად მოიცავს ტექნოლოგიურ ნახტომს, რაც დიდწილად მიიღწევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდებით მოწინავე, სუფთა ტექნოლოგიებში, რაც განსაზღვრავს მდგრად განვითარებასა და მწვანე ინდუსტრიულ პოლიტიკას [Бузмакова, 2017, сс. 8–9].

ტექნოლოგიური მექანიზმების განვითარება პირდაპირ კავშირში არის რეინდუსტრიალიზაციის უწყვეტ პროცესთან [Miller, Walton, Kovacic, Robkin, 1984, pp. 5–7].

მრეწველობა არის უმთავრესი დარგი, რომელიც ასრულებს გენერატორის ფუნქციას ტექნოლოგიების განვითარების უწყვეტ პროცესში [Сумина, Зябликов, 2015, с. 517].

ტექნოლოგიური განვითარებისთვის ძირითადი მნიშვნელობა ეკონომიკის დარგებიდან ენიჭება გადამამუშავებელ მრეწველობას [Геец, 2014, с. 5].

მძიმე მრეწველობის ბაზაზე დაფუძნებულმა ტექნოლოგიებმა პოზიტიური როლი შეასრულა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში [Galbraith, 2015, pp. 58–60].

ტექნოლოგიური განვითარების უწყვეტი პროცესი არის საფუძველი ინდუსტრიალიზაციის და ახალი ინდუსტრიალიზაციის [Ковалев, 2015, с. 129].

სამრეწველო რობოტების მწარმოებელი ქვეყნებია იაპონია და გერმანია. სამრეწველო რობოტების მყიდველები არიან იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია. მსოფლიო ბაზარზე რობოტის ფასი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 182 000 აშშ დოლარს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იგივე რობოტის ფასი 2025 წლისთვის იქნება 103 000 აშშ დოლარი [Макаров, Топчеев, 2003, cc. 183–185].

რობოტიზაციისა და ავტომატიზაციის განვითარება დღის წესრიგში დააყენებს ახალი წარმოებების გახსნის საკითხს, სადაც ნაკლებად გათვალისწინებული იქნება ადგილმდებარეობის კომპონენტი. განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში იაფი მუშახელი შესაძლებელია აღარ იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმოების ადგილის არჩევისას. შესაძლებელი არის ბევრი საწარმო დაუბრუნდეს აშშ-სა და ევროპას. აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი ტემპით იზრდება რობოტოტექნიკის წარმოება ჩინეთში. ექსპერტთა გათვლებით ჩინეთს აქვს რეალური რესურსი რობოტოტექნიკის მსოფლიო ბაზარზე 40 % ზრდის ტემპი შეინარჩუნოს [Schwab, 2016, pp. 19-23].

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, უახლოესი ორი ათწლეულის მანძილზე სამუშაო ადგილების 47 % ამერიკაში შეიცვლება რობოტებით [Перес, 2013, cc. 13–29].

ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებისთვის და მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი არის ინოვაციური ტექნოლოგიური საშუალებების ფართოდ დანერგვა და გამოყენება [Перес, 2013, cc. 28- 35].

თანამედროვე პირობებში ყველა ქვეყანა  მიუხედავად იმისა განვითარების თუ რა დონეზე იმყოფება ყოველმხრივ უნდა ცდილობდეს ჰქონდეს საკუთარი კვლევებზე დაფუძნებული ეფექტიანი ინოვაციური სისტემა [აბესაძე, 2022, გვ. 22 ].

თანამედროვე ეტაპზე ტექნოსფეროში მთავარ როლს ასრულებენ ინფორმაციულ - ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები. „მოაზროვნე ტექნოსფეროს“ დროს მთავარი როლი მათთან ერთად დაეკისრებათ მოაზროვნე ტექნოლოგიებს. ძირეულად შეიცვლება წარმოების ორგანიზაციისა და მართვის ფორმები. ჩამოყალიბდება სრულიად ახალი საზოგადოება, სრულიად ახალი ეკონომიკური სისტემით [აბესაძე, 2021, გვ. 28-38].

ეკონომიკურ-ტექნიკური პარადიგმა ეფუძნება საუკეთესო ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ პრინციპებს, რამაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლები მაღალტექნოლოგიური საშუალებებით შექმნილი პროდუქტებითა და მომსახურებით [Перес, 2013, c. 37-40].

განვითარებულ ქვეყნებში რეალური ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში გამოიყენება ძირითადად რობოტები და ნანორობოტები. საწარმოო პროცესი მთლიანად რობოტიზებულ-ავტომატიზირებულია, რაც კიდევ უფრო განვითარდება ტექნოლოგიური სინგულარობის პირობებში. კერძოდ, ტექნოლოგიური სინგულარობის პირობებში ტექნოლოგიურ- ეკონომიკური ციკლები ძალზე დინამიკური გახდება და ინტეგრაციის ხარისხი მაქსიმალურად გაიზრდება. შეიქმნება ჰიპერკონკურენტული, ძალზე ინტეგრირებული გლობალური ბაზარი.

განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის რეალური სექტორის ყველა დარგში დანერგილია მაღალტექნოლოგიური საწარმოო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ნანომანქანები, დანადგარები და სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობები. მაღალტექნოლოგიური წარმოება იწვევს წარმოების დანახარჯებისა და საწარმოო დეფექტების მაქსიმალურ მინიმიზაციას. შედეგად იქმნება ცოდნაზე დაფუძნებული ქსელური საზოგადოება.

კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად ტექნოლოგიურ მექანიზმებს, რომელთა შექმნასა და განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს კვლევა და განვითარება.

ტექნოლოგიური მექანიზმების ეფექტიანობას განსაკუთრებით რეალურ ეკონომიკაში განსაზღვრავს მეცნიერება-ტექნიკა-წარმოების სინგულარული მოდელი, რომლის შედეგადაც იქმნება რესურსებდამზოგავი, შრომადამზოგავი, მაღალმწარმოებლური ეკოლოგიური მანქანა-დანადგარები.

ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მექანიზმების დანერგვა ეკონომიკის რეალურ სექტორში შეუძლებელია სახელმწიფოს როლის გარეშე. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს „მართვადი ტექნოლოგიური ცვლილება“ [Sachs, 2017, p, 89].

განვითარებადი ქვეყნებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს „ტექნოლოგიური ნახტომის“ გაკეთება, რათა ფირმებმა შეძლონ თვისებრივად ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა, რისთვისაც უმთავრესია გაიზარდოს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაც ძირითადად დამოკიდებულია საბანკო პროცენტის დონის შემცირებაზე [Балацкий, 2012, c. 56]. საბანკო სესხის განაკვეთის შემცირებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საგადასახადო შეღავათების დაწესებას, იმ ფირმებისთვის, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე [პაპავა, 2020, გვ. 350].

პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში უპირატესი მნიშვნელობა აქვს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. სწორედ ასეთი ტიპის ეკონომიკა განაპირობებს ეკონომიკის რეალური სექტორის ტექნოლოგიური მექანიზმების განვითარებას. ამდენად მიზანშეწონილი არის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების თანამედროვე მექანიზმები განვიხილოთ ტექნოლოგიურ-ეკონომიკური სინთეზური პარადიგმის კონტექსტში.

ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას განსაზღვრავს იერარქიულ პრინციპზე დაფუძნებული ტექნოლოგიური მექანიზმები, რომლის პირველ ბლოკში გაერთიანებული არის ცოდნის ინდუსტრიალიზაციის უმთავრესი ინსტიტუციები, რომელთა მიღწევებზეა დაფუძნებული ყველა დანარჩენი.

მეორე ბლოკში არის წარმოდგენილი ის ძირითადი ინტელექტუალური პროდუქტები, რომელსაც ქმნის პირველ ბლოკში წარმოდგენილი ინტელექტუალური ინსტიტუციები. ვერტიკალური კავშირი არის პირველ, მეორე და მესამე ბლოკებს შორის, რომელთაგან გამომდინარეობს სხვა დანარჩენი ბლოკები.

ვერტიკალურ სიბრტყეზე ურთიერთდამოკიდებულება არსებობს პირველ, მეორე და მესამე ბლოკებს შორის, ხოლო დანარჩენი ბლოკები მათგან გამომდინარეობს.

სქემის მარცხენა მხარეს  ლოგიკური თანმიმდევრობით წარმოდგენილი არის რეალურ ეკონომიკაში გამოყენებული ტექნოლოგიური მექანიზმები დარგობრივი ჩაშლით, რომლებიც გამომდინარეობს პირველი და მეორე ბლოკიდან და ერთმანეთთან აქვს ლოგიკურ-ფუნქციური  კავშირი.

სქემის მარჯვენა მხარეს ლოგიკური თანმიმდევრობით წარმოდგენილი არის ის ძირითადი ტექნო-ეკონომიკური მექანიზმები, რომლებიც ქმნიან ერთიან ჯაჭვს, რომლის ლოგიკურ-სინთეზირებული წარმოდგენა ხდება გლობალურ ელექტრონულ ბაზარზე და გლობალურ არაელექტრონულ ბაზარზე. შედეგად ფინანსური ნაკადები მიემართება პირველ ბლოკთან და იკვრება წრედი, რომელიც უწყვეტად ფუნქციონირებს.

ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ეკონომიკური მექანიზმები, სადაც განვსაზღვრეთ ეკონომიკის დარგობრივი დონეების მიხედვით ძირითადი ეკონომიკური მექანიზმები და ის ლოგიკური კავშირურთიერთობები, რომლებიც მათ შორის არსებობს. იერარქიულ პრინციპზე აგებული ეკონომიკური მექანიზმები, რომლებიც ეფუძნებიან ტექნოლოგიურ მექანიზმებს იცვლებიან დროსა და სივრცეში ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად და  განსაზღვრავენ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას.

ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების თანამედროვე მექანიზმები ეფუძნება ტექნო-ეკონომიკური მექანიზმების სინთეზს [იხ. სქემა № 3].

 

სქემა № 3. თანამედროვე  ტექნო - ეკონომიკური მექანიზმების სინთეზირებული სქემა - მოდელი [აგებულია ავტორის მიერ].

აღნიშნული სქემა შინაარსობრივი თვალსაზრისით გულისხმობს ძირითადი ტექნოლოგიური და ეკონომიკური მექანიზმების სინთეზს. ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების თანამედროვე მექანიზმები არის ტექნო-ეკონომიკური მექანიზმების სინთეზი.

დასკვნა

მეცნიერება-ტექნოლოგია-ტექნიკა მათი თანმიმდევრული და მიზანმიმართული საქმიანობა ქმნის ზოგადად საზოგადოების განვითარებას და  მათ შორის ეკონომიკის რეალური სექტორის ტექნოლოგიური განვითარების ძირითად ეტაპებსა და მექანიზმებს. ტექნოლოგიური განვითარების  ძირითადი ეტაპების განსაზღვრის შედეგად შევიმუშავეთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების ტექნოლოგიური მექანიზმები, ეკონომიკური მექანიზმები და ტექნო-ეკონომიკური მექანიზმები. რომლის ბაზაზეც შესაძლებელია შეიქმნას ვიწრო დარგობრივი პროფილის კლასტერები, რომლებსაც ქსელური კავშირი ექნებათ ერთმანეთთან.

ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების თანამედროვე მექანიზმები არის ტექნო-ეკონომიკური მექანიზმების სინთეზი, რომლის პრაქტიკაში დანერგვა ხელს შეუწყობს ეკონომიკის რეალური სექტორის როგორც ტექნოლოგიურ ასევე ეკონომიკურ განვითარებას. ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მათი ურთიერთკავშირი დიდწილად  განსაზღვრავს რეალური ეკონომიკის განვითარებას, როგორც პოსტინდუსტრიულ ასევე შემდგომ ეტაპზეც. 

გამოყენებული ლიტერატურა

აბესაძე რ., 2021. ტექნოლოგიური რევოლუციები - ეკონომიკური განვითარების საფუძველი. ეკონომისტი, № 2, გვ. 28-39. 

აბესაძე რ., 2022. საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები. ეკონომისტი, № 2, გვ. 22-30.

პაპავა ვ., 2020. არატრადიციული ეკონომიკსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 418 გვ.

Chang H., 1993. The Political Economy of Industrial Policy In Korea. Cambridge Journal of Economics,Vol. 17, No. 2, pp. 131-157.

EC, 2013. Towards Knowledge Driven Reindustrialization. European Competitiveness Report 347. Luxembourg, Publications Office of the European Union, 189 p., <http://aei.pitt.edu/45452/1/competitiveness_2013.pdf>.

Galbraith J., 2015. The New Industrial State. Princeton, Princeton University Press, 576 p.

Miller J., Walton T., Kovacic W., Rabkin J. 1984.  Industrial  Policy: Reindustrialization through Competition or Coordinated Action? Yale Journal on Regulation, Vol. 2, No. 1, pp. 1-37.

Sachs J., 2017. Building the New American Economy. Smart, Fair and Sustainable. New York, Columbia University Press, 130 p.

Schwab K., 2016. The Fourth Industrial Revolution. Geneva, World Economic Forum.

Балацкий Е., 2012. Институциональные и технологические ловушки. Журнал Экономической теории, № 2, сс. 48-63.

Бузмакова М. В., 2017. Реиндустриализация тенденция мировой экономики. Вестник нижегородского университето им Н .И. Лобочевского. Серия:Социольные науки, №1 (45), сс. 7-17.

Геец В. М., 2014. Институциональная обусловленность инновационных процессов в промышленном развитии Украины. Экономика Украины, № 12 (629), сс. 4-19.

Ковалев С . Г., 2015. Возможности неоиндустриального развития России в современных геополитических условиях. В сб.: Интеграция производства науки и образования и реиндустриализация российской экономики. Москва, Ленанд, сс. 127-139.

Макаров И.,  Топчеев  Ю., 2003. Робототехника: История и перспективы. Москва, Наука, МАИ, 349 с.

Мальцев А. А., Мерсиер-Суисса К., Мордвинова А. Э., 2017. К трактовке понятия «реиндустриализация» в условиях глобализации. Экономика Региона,  Т. 13, Вып. 4, сс. 1044-1054.

Перес К., 2013. Технологические революции и финансовый капитал. Динамика пузырей и периодов процветания. Москва, Издательский дом «Дело», 232 с.

Сумина Е. В., Зябликов Д. В., 2015. Потребность в инновационном региональном развитии в целях диверсифицированного экономического роста сибири в условиях реиндустриализации. Вестник Сибтау, Т. 16, № 2, сс. 515-522.